21 მარტს, 14:00 საათზე „ქართული წყაროთმცოდნეობის“ რედკოლეგია გიწვევთ თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჟურნალის 26-ე ნომრის პრეზენტაციაზე.
მისამართი: უნივერსიტეტის ქ. N 2, კორპუსი 11 (შესავლელი მაღლივის ბიბლიოთეკის გვერდითა მხრიდან).
მოკლე ინფორმაცია ჟურნალის ამ ნომრის შესახებ:
რედაქტორები არიან საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი გიული ალასანია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი მკვლევარი მარიამ ჩხარტიშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი მკვლევარი ზურაბ თარგამაძე. ნომრის მოცულობა A4 ფორმატის 365 გვერდს შეადგენს. მასში გამოქვეყნებულია 34 სტატია. აქედან 20 კვლევითი ხასიათისაა, ხოლო 14 არის წიგნების მიმოხილვა და ინფორმაცია სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღონისძიების შესახებ. ამ ნომრის ავტორები წარმოადგენენ სხვადასხვა წამყვან სამეცნიერო და სასწავლო სამეცნიერო დაწესებულებას: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტს, ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს, საქართველოს უნივერსიტეტს, კავკასიის უნივერსიტეტს, ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რუსეთის კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის კვლევის ცენტრის სოციალურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლას, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს, ბითლის ერენის უნივერსიტეტს. რამდენიმე ავტორი დამოუკიდებელი მკვლევარია.
„ქართული წყაროთმოცოდნეობა“ უკვე ინდექსირებულია ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების დარგში ჟურნალთა საერთაშორისო ბაზაში Erih Plus და აქვს ყველაზე უფრო აღიარებული ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი (DOI) – CrossRef. ამგვარი ტრადიციისა და აწმყოს მქონე ჟურნალი ჰუმანიტარიაში, დამეთანხმებით, ბევრი არაა საქართველოში.
წელს „ქართულ წყაროთმცოდნეობას“ დაარსებიდან 60 წელი უსრულდება ამიტომ განსაკუთრებულ სტატიებს ველით. სტატიების მიღება წარმოებს უწყვეტ რეჟიმში. წლის მეორე ნახევარში წარმოდგენილი სტატია დაიბეჭდება მომდევნო წელს. წლევანდელ ნომერში დაიბეჭდება ის სტატიები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება წლის პირველ ნახევარში და რომლებიც წარმატებით გაივლიან რეცენზირებას.